ცხოველები

ცხოველები, ცხოველური ორგანიზმები, ცოცხალ არსებათა ერთ-ერთი ძირითადი სამეფო (მეორე სამეფო მცენარეებია). ცხოველები ჰეტეროტროფული ორგანიზმებია. უმარტივესების ზოგი სახეობა (ევგლენა) იკვებება როგორც ჰეტეროტროფულად, ისე ავტოტროფულად. თანამედროვე ეპოქაში ცხოვრობს 1,5-იდან 2 მლნ-მდე სახეობის ცხოველი (მეცნიერთა ვარაუდით ეს რიცხვი შეიძლება 10 მილიონს აღწევდეს), მ. შ. 1 მლნ-ზე მეტი ფეხსახსხრიანებია. სხვადასხვა სისტემატიკოსი ცხოველებს განსხვავებული რაოდენობის ტიპებად ყოფს. უფრო მეტად მიღებულია შემდეგი ტიპები: უმარტივესები (ზოგი ამ ტიპს 5 ტიპად ყოფს), ღრუბელები, ნაწლავღრუიანები, ბრტყელი ჭიები, ნემერტინები, მრგვალი ჭიები, თავეკლიანი ჭიები, რგოლოვანი ჭიები, ფეხსახსრიანები, ხავსელები, მხარფეხიანები, რბილტანიანები, კანეკლიანები, პოგონოფორები, ჯაგარყბიანები, ნახევრადქორდიანები და ქორდიანები. ცხოველებს შეისწავლის ზოოლოგია და მრავალი სპეციალური ზოოლოგიური დისციპლინა: პროტისტოლოგია, ენტომოლოგია, იქთიოლოგია, ჰერპეტოლოგია, ორნითოლოგია, თერიოლოგია, მალაკოლოგია და სხვა.
ცხოველებს დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ცხოვრებაში: იყენებენ საკვებად, გამწევ ძალად, სამრეწველო ნედლეულად და სხვა. ზოგს ზიანი მოაქვს სახალხო მეურნეობის ამა თუ იმ დარგისათვის, ზოგი ცხოველებისა და ადამიანის პარაზიტია. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია მათი როლი გარემოს იმ სახით შენარჩუნებაში როგორითაც იგი დღეისათვის მოგვეპოვება. ამ მნიშვნელობას მოსახლეობის დიდი ნაწილი ვერ აცნობიერებს და სწორედ ესაა მთავარი მიზეზი იმ პრობლემებისა რომელთა წინაშეც დგას ცხოველთა სამყარო.მრავალი სახეობა დაუზოგავი განადგურების და ბუნებრივ პროცესებში არასწორი ჩარევის გამო მოისპო ან მოსპობის საფრთხის წინაშე დგას. ამჟამად ქმედითი ღონისძიებები ტარდება ცხოველთა სახეობრივი რაოდენობის რეგულირებისათვის, დაცვისათვის, აღწარმოებისათვის (გამოცემულია კანონები, დაარსებულია ნაკრძალები, აღკვეთილები, შემოღებულია "წითელი წიგნი" და სხვა.). თუმცა შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, აღმოჩნდება რომ ცხოველური სამყაროს დეგრადაციის პროგრესირება გეომეტრიულ პროგრესირებას უახლოვდება. არსებობს მოსაზრება, რომ ბუნების გადაგვარების პროცესი რომელიც ასეთი აშკარაა, წარმოადგენს ევოლუციური განვითარების ერთერთ ეტაპს და შესაბამისად სახეობათა თუ მთლიანად ეკოსისტემათა გაქრობა არაა ნიშანი იმისა რომ საფრთხე მთლიანად ცოცხალ ბუნებას ემუქრება. თუმცა სანამ ასეთი ვარაუდები თეორიის სახეს არ მიიღებს (და ეს შეიძლება არც არასოდეს მოხდეს), მანამდე კაცობრიობა დიდ რისკზე მიდის. ამდენად თითოეული ადამიანი ვალდებულია გაუფრთხილდეს და დაიცვას ცოცხალი ბუნება.

თევზები

თევზები (Pisces), წყლის ხერხემლიანი ცხოველები, რომლებსაც არა აქვთ სხეულის მუდმივი ტემპერატურა. თევზების ზომა-წონა განსხვავებულია: პანდაკის სიგრძე 7,5 მმ-ს აღწევს, ხოლო ვეშაპისებრი ზვიგენისა 15-20 მ-ს. თევზების უმრავლესობას თითისტარისებური სხეული აქვს, ზოგს - გვერდებიდან (კამბალა) ან ზურგ-მუცლისაკენ (სკაროსი) გაბრტყელებული, გველივით (გველთევზა) წაგრძელებული ან ნემსივით ( ზღვის ნემსთევზა) წაწვრილებული, ზოგი ბურთისებური (ზღარბთევზა) ან თასმისებურია (ქაშაყთმეფე).
თევზების სხეული სიმეტრიულია, გარდა კამბალასი, რომელსაც ორივე თვალი ცალ მხარეს აქვს. სხეული დაფარულია ქერცლით. ზღარბთევზას სხეული შემოსილია გრძელი ქიცვებით, ზუთხისნაირთა სხეულზე 5 მწკრივადაა განლაგებული ძვლოვანი ბალთები. ლოქოსა და სხვათა სხეული ტიტველია. თევზების კანი დიდი რაოდენობით შეიცავს ლორწოს გამომყოფ ერთუჯრედიან ჯირკვლებს. ღრმა ზღვის თევზების უმრავლესობას მანათობელი ორგანოები აქვს. თევზების შეფერილობა კანის ნაირგვარ პიგმენტებზეა დამოკიდებული. ჩვეულებრივ, მათი ზურგის მხარე უფრო მუქია, ვიდრე მუცლისა. და საერთოდ დიდად სასარგებლო თევზები არიან.
თევზების კუნთოვანი სისტემა საკმაოდ დიფერენცირებულია და მასთან დაკავშირებულია ზოგი თევზების ელექტრული ორგანოებ, ხოლო უმრავლესობას - ძვლოვანი ზვიგენების უმეტესებას და ზუთხისებრ თევზებს დაუნაწევრებელი ქორდა აქვთ.

ამფიბიები

ამფიბიები, წყალხმელეთა ცხოველები (ბერძნ. αμφις "ორივე" და βιος "სიცოცხლე"), ხერხემლიანი ცხოველების კლასი, რომელსაც გამომუშავებული აქვს როგორც წყალში, ისე ხმელეთზე არსებობის უნარი. ამფიბიები წყლიდან წყალხმელეთა ცხოვრების ნირზე გადასული პირველი ხერხემლიანები არიან.
თევზების მსგავსად ისინიც ქვირითს ყრიან (ზოგი ცოცხალ მშობია), რადგან მათ კვერცხებსა და ჩანასახს არა აქვთ ხმელეთზე განვითარების სამარჯვები (უამნიონოები). უმეტეს შემთხვევაში განვითარება მეტამორფოზით მიმდინარეობს. ამფიბიების სხეულის ორგანიზაცია არ არის ისეთი სრულყოფილი, როგორც ხმელეთის ხერხემლიანებისა. მათი სხეულის ტემპერატურა ცვალებადია, ნივთიერებათა ცვლის ინტენსივობა - დაბალი და სხვა.
თანამედროვე ამფიბიებს ეკუთვნის 2850-მდე სახეობა, რომლებიც ერთიანდება 3 რიგში: უფეხო ამფიბიები, კუდიანი ამფიბიები და უკუდო ამფიბიები. ამფიბიების კანი შიშველი, რბილი და ნოტიოა, შეიცავს ნაირგვარი სეკრეტის გამომზოფ ჯირკვლებს. ზოგ ამფიბიას შხამის გამომყოფი ჯირკვლები აქვს (სამხრეთ ამერიკის ზოგიერთი გომბეშო). ამფიბიებს ორი კეფის როკი აქვთ. მალათა რაოდენობა 9-იდან (უკუდო ამფიბიების უმრავლესობა) 275-მდე (უფეხო ამფიბიები) მერყეობს. უკუდო ამფიბიების უმრავლესობის ნეკნები მთლიანად რედუცირებულია. წინა ტვინი, რომლის ნახევარსფეროები მთლიანად გაყოფილია, კარგადაა განვითარებული, ხოლო ნათხემი - სუსტად. თავის ტვინიდან გამოდის 10 წყვილი ნერვი. ამფიბიების ლარვებს გვერდითი ხაზის ორგანოები (გვერდითი ხაზი) აქვთ. ნიადაგში მცხოვრებ უფეხო ამფიბიებსა და მღვიმეებში ბინადარ კუდიან ამფიბიებს სუსტად აქვთ განვითარებული თვალები.
ყველა ზრდასრული ამფიბია ცხოველებით იკვებება. გომბეშოებსა და პიპებს კბილები არა აქვთ. სარჩოს დაჭერაში მათ ხელს უწყობს საკმაოდ გრძელი და მოძრავი ენა, რომელიც წებოვან ლორწოს გამოყოფს. საჭმლის მომნელებელი მილი მოკლეა. ზრდასრული ამფიბიები ძირითადად ფილტვებით სუნთქავენ, ხოლო ლარვები - ლაყუჩებით. სუნთქვის პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანი. ზოგი ამფიბია (მაგ., უფილტვო სალამანდრებნი) მხოლოდ კანით სუნთქავს. წყალში ბინადარი კუდიანი ამფიბიები კი მთელი სიცოცხლე - ლაყუჩებით.

ქვეწარმავლები

ქვეწარმავლები, რეპტილები (Reptilia), ხერხემლიან ცხოველთა კლასი. ნამდვილი ხმელეთის ცხოველები არიან, რაც იმაში გამოიხატება, რომ ხმელეთზე მრავლდებიან და ვითარდებიან. დებენ ყვითრით მდიდარ და ნაჭუჭით დაფარულ კვერცხებს, ამფიბიებთან შედარებით უფრო სრულყოფილი სუნთქვისა (დიფერენცირებული ტრაქეითა და ფილტვებით) და სისხლის მიმოქცევის სისტემები აქვთ.
ქვეწარმავლები ფილტვებით სუნთქავენ. ისინი,ამფიბიების მსგავსად, ჰაერიდან შთანთქავენ ჟანგბადსა და გამოყოფენ ნახშირორჟანგს. მათი მშრალი კანი არ არის შეგუებული კანით სუნთქვასთან, ამიტომ ქვეწარმავლის ფილტვები უფრო ძლიერი უნდა იყოს, ვიდრე ამფიბიებისა. მართლაც, რეპტილიების ფილტვებს აქვთ ნაკეცები, რის გამოც იზრდება მათი სასუნთქი ზედაპირი. ეს უზრუნველყოფს ჟანგბადის უხვად მიწოდებას ორგანიზმისათვის. ქვეწარმავლებს აქვთ მარტივი ტიხრებით მრავალ უჯრედად დაყოფილი ფილტვები, რომლებიც დანაოჭებულია. ქვეწარმავლების სხეულის ტემპერატურა არაა მუდმივი. იგი იცვლება ჰაერის ტემპერატურის შესაბამისად. რეპტილიები ცივსისხლიანი ცხოველები არიან.
უდაბნოს ქვიშაში მცხოვრები ქვეწარმავლები მცხუნვარე მზის ქვეშ დაცულნი არიან გამოშრობისაგან, ვინაიდან მათი გარეგანი საფარველი გამძლეა, მკვრივი და ცხოველს დაზიანებისა და წყლის დაკარგვისაგან იცავს, ე.ი. ცხოველის გამოშრობა არ ხდება. გველების სხეული დაფარულია რქოვანი ქერცლებით, ნიანგისა და კუს სხეული დაფარულია რქოვანი ფარებით. სხეულის რქოვანა გარსი არ იზრდება, ამიტომ ცხოველის ზრდასთან ერთად ის სკდება. გველების სხეულიდან ძველი კანი ცვივა პატარა ან დიდ ნაჭრებად. ახალი რქოვანა გარსი წარმოიქმნება ძველის ქვეშ, კანის ზედა შრიდან. კანის გარე საფარველის გამოცვლას - კანის ცვლა ეწოდება. ქვეწარმავლები კანს იცვლიან.
რამდენადაც განსხვავებულია ქვეწარმავლების სახეობები და მათი ცხოვრების ნირი, იმდენად განსხვავებულია მათი კვება. რეპტილიები საკვებად ძირითადად სხვა ცხოველებს იყენებენ. გველი ნადირობს მსხვილ ცხოველებზე. მაგალითად: ჩვეულებრივი ანკარა წყალსატევებში იჭერს ბაყაყებს, გველგესლა ჯერ შხამით კლავს მსხვერპლს, შემდეგ კი ყლაპავს.
რეპტილიები ფრინველებთან და ძუძუმწოვრებთან ერთად განეკუთვნებიან უმაღლეს ხერხემლიანებს - ამნიონიანებს, რომელთა შორისაც ისინი უმდაბლეს ჯგუფს შეადგენენ.

ფრინველები

ფრინველები (Aves), ხერხემლიან ცხოველთა კლასი, რომელიც მოიცავს დაახლოებით 8,6 ათას სახეობას. ფრინველების კლასში გაერთიანებული არიან ორფეხა, ბუმბულით დაფარული, კვერცხისმდებელი ცხოველები, რომელთა უმრავლესობის ლოკომოციის ძირითად ფორმას წარმოადგენს ფრენა. ფრინველებისთვის დამახასიათებელია მტკიცე, მსუბუქი, პნევმატური ჩონჩხი, ოთხსაკნიანი გული, ინტენსიური ნივთიერებათა ცვლა, სხეულის მუდმივი, მაღალი ტემპერატურა(37,8-45,5 °C). წარმოშობითა და სხეულის აგებულებით ფრინველები ახლოს დგანან ქვეწარმავლებთან, ამიტომაც ტ.ჰაქსლის კლასიფიკაციით მათთან ერთიანდებიან ერთ ზეკლასში (Saurapsida).
ფრინველები გავრცელებული არიან მთელ მსოფლიოში - არქტიკიდან ანტრაქტიდამდე, ვერტიკალურად კი 7 ათას მეტრს აღწევენ. ზოგი ფრინველები გარკვეულ ტერიტორიაზე ბინადრობს, ბევრი კი იცვლის საბინადრო ადგილს და უფრო ხელსაყრელზე გადადის (ფრინველთა მიმოფრენები). ფრინველების კლასის ამომწყდარი ფორმები ცნობილია ჯერ კიდევ იურული პერიოდიდან (არქეოპტერიქსი).
თანამედროვე ფრინველების კანი თხელია, ორშრიანი, უჯირკვლებო (უმრავლესობას აქვს მხოლოდ ერთი - ზანდაროზის ჯირკვალი), კანის გარკვეულ უბნებზე - პტერილიებიპტერილებზე იზრდება ბუმბული და ღინღლი, რომელიც ეხმარება სხეულს ჰომოთერმულობის შენარჩუნებაში, სხეულის ხვედრითი წონის შემცირებაში. უმთავრესია მომქნევი (ფრთების), საჭის (ბოლოს) და მათი მფარავი ბუმბული, რომელიც ემსახურება ფრენას და ცნობილია კონტურული ბუმბულის სახელით. პტერილებს შორის კანის შიშველი უბნები, ე.წ. აპტერიებია (ზოგ ფრინველს, მაგ., პინგვინებს, სირაქლემებს და სხვებს მთელი სხეული ერთნაირად აქვთ შებუმბლული). ბუმბულის შეფერვა დამოკიდებულია პიგმენტებსა (მელანინები, ლიპოქრომები) და მის მიკროსტრუქტურაზე. ბუმბული, ნისკარტისა (რამფოთეკა) და ფეხების (პედოთეკა) მფარავი რქოვანი შალითა რეგულარულად ახლდება მთლიანად ან ნაწილობრივ, ჩვეულებრივ, წელიწადში ერთხელ, განგურის გზით.
ჰაერში ფრენასთან დაკავშირებით ფრინველების ჩონჩხიც თავისებურია: პნევნატური ძვლები, ურთიერთშორის მტკიცედ შეზრდილი ან მთლიანად შერწყმული, შეიცავენ დიდი რაოდენობით კიროვან მარილებს, რაც უზრუნველყოფა ჩონჩხის სიმსუბუქესა და სიმტკიცეს. ტვცინის ქალა თხელკედლიანის, ყბები უკბილო და ქმნიან ნისკარტს. ხერხემლის კისრის განყოფილება (11-25 მალა) ძლიერ მოძრავია. მკერდის მალებს ერთვის ნეკნები, რომელთა 3 (ან 9) წითელი შეერთებულია მკერდის ძვალთან და მტკიცე გულმკერდის ყაფაზს ქმნის. გულმკერდის განყობილების ბოლო მალა, გავისა და წელის განყოფილების მალები შეძრდილია რთულ გავად და მტკიცე საყრდენს ქმნიან უკანა კიდურებისათვის. კუდის ბოლო მალები შეზრდილია ერთ კუდუსუნის ძვლად - პიგოსტილად (მას ემაგრება საჭის ბუმბული). ფრთამ ფუნქციური ცვლილებები განიცადა მხრის სარტყლის აგებულებაშიც. გაიზარდა კორაკოიდის ძვლები, ხმლისებურად წაგრძელდა ბეჭის ძვალი, ლავიწის ძვლები შეეზარდნენ ერთმანეთს და წარმოიქმნა მტკიცე, დრეკადი ავქაში; ძლიერი მომქნევი კუნთების განვითარებას მოჰყვა მკერდის ძვლის გაზრდა, მასზე ძვლოვანი ტროპის წარმოქმნა. ფრთის ჩონჩხს ქმნიან მხარი, წინამხარი (იდაყვისა და სხივის ძვალი), მტევანი (2 მაჯისა და ნების ძვალი, ფალანგების შემცირებული რაოდენობა). მტევანს ემაგრება პირველი წყების, წინამხარს კი მეორე წყების მომქნევი ბუმბული. ფეხის ჩონჩხი შეიცავს ბარძაყის, წვივისა და გალოს ძვლებს. თითები, ჩვეულებრივ, არის 4, იშვიათად 3 (სირაქლემას აქვს 2).
კუნთოვანი სისტემა ძლიერაა განვითარებული. განსხვავება ჩონჩხისა თუ კუნთების აგებულებაში განპირობებულია ფრინველების ცხოვრების ნირის სხვადასხვაობით,თავის მხრივ კი ეს სხვადასხვაობა განაპირობებს ფრინველების ფრენის თავისებურებებს (ფრენა ცხოველებისა). ფრინველთა სუნთქვის სისტემაც თავისებურია: ბრონქები პატარა, ნაკლებად ჭიმვადი ფილტვების გავლის შემდეგ უკავშირდებიან 9-10 ელასტიკური პარკისაგან შემდგარ სისტემას. შესუნთქვისას ჰაერი ფილტვების გავლით გადადის საჰაერო პარკებში, ამოსუნთქვისას - ფილტვების მეორედ გავლით გამოდის გარეთ (ორმაგი სუნთქვა).
სისხლის მიმოქცევის სისტემაში არტერიული და ვენური სისხლი სრულიად განცალკევებულია. სისხლის ინტენსიურმა ჟანგვამ და სხეულის მუდმივმა მაღალმა ტემპერატურამ განაპირობეს ნერვული რეაქციების დაჩქარება და ფრინველთა ფსიქიკის საერთო დონის ამაღლება. დიდმა კუჭმა და საჰაერო პარკების არსებობამ გამოიწვია მარჯვენა საკვერცხის (ზოგჯერ სათესლისაც) და კვერცხსავალის, შარდის ბუშტის, მსხვილი ნაწლავის რედუქცია, სწორი ნაწლავის დამოკლება. ამავე დროს საყლაპავ მილში გაჩნდა სამარაგო განყოფილება - ჩიჩახვი, ხოლო კბილების ფუნქცია მიიღო კუნთოვანმა კუჭმა, სადაც კუჭის წვენით დამუშავებული და ჯირკვლოვანი კუჭიდან გადასული საკვები ქუცმაცდება. მსხვილი ნაწლავი კლოაკაში ბოლოვდება.
ფრინველები საკვებს ინტენსიურად ინელებენ, მოუნელებელ საგნებს (მაგ., მატყლი, ძვლები, თევზის ქერცლი და სხვა) ამოანთხევენ. გამომყოფი ორგანოებია თირკმლები (დიდი მოცულობისა), შარდის ბუშტი არა აქვთ, შარდსაწვეთები პირდაპირ კლოაკაში იხსნება, სადაც წყლის ნაწილი კედლებში შეიწოვება და ორგანიზმის ცხოველმოქმედებას ხმარდება. მამლებს წყვილი სათესლე აქვთ. თესლსავალები იხსნება კლოაკაში (სირაქლემას, ღერღეტებს საკოპულაციო ორგანოები აქვთ). დედალს აქვს ერთი საკვერცხე და კვერცხსავალი, რომელიც კლოაკაში ბოლოვდება. განაყოფიერებული კვერცხი კვერცხსავალის ზედა განყოფილებაში იფარება ცილოვანი გარსებითა და კიროვანი ნაჭუჭით, ქვედა განყოფილებაში კი ღებულობს მოცემული ჯგუფისათვის დამახასიათებელ ფერს. ფრინველებისათვის დამახასიათებელია ციკლური გამრავლება. წელიწადში შეიძლება იყოს 1,2 ან 3 გამრავლების ციკლი. ფრენამ განაპირობა ნაყოფის სწრაფად მომწიფებისა და ორგანიზმიდან მოცილების საჭიროება, რაც იმაში გამოიხატება, რომ მკვრივნაჭუჭიანი კვერცხები ორგანიზმში თითო-თითოდ და სწრაფად მწიფდება, რომელსაც ფრინველები მაშინვე დებენ ბუდეში. ამან კი, თავის მხრივ, გამოუმუშავა ფრინველებს კრუხობისა და გამოჩეკილ მართვეებზე შემდგომი ზრუნვის მშობლიური ინსტინქტი. ფრინველების სხვადასხვა ჯგუფს კვერცხის ინკუბაციის მტკიცედ განსაზღვრული ხანგრძლივობა ახასიათებს. ზოგიერთი ფრინველების ან მხოლოდ დედალი კრუხობს (ქათმისნაირები, იხვები და სხვა) ან მამალი (სამფეხანი, ფინფუტი, ფერადი ჭოვილოები), ზოგიერთებისა კი - ერთიც და მეორეც. მართვები იჩეკებიან ან თვალხილულნი, შებუმბლულნი, რომლებიც მაშინვე ტოვებენ საბუდარს და კვება შეუძლიათ საკუთარი ძალებით (წიწილოვანი ფრინველები), ან თვალაუხილავნი, შიშველნი, რომლებიც დიდხანს რჩებიან ბუდეში და სჭირდებათ დიდი მზრუნველობა - კვება, გათბობა (ბარტყოვანი ფრინველები).
ფრინველებს აქვთ შედარებით დიდი თავის ტვინი, კარგად განვითარებულკი ჰემისფეროები, მხედველობის ბორცვები და ნათხემი. ზურგის ტვინი კისრისა და წელის არეში გაგანიერებულია, აქედან ნერვები მიემართება ფრთებისა და ფეხებისაკენ. ფირნველებს კარგად აქვთ განვითარებული მხედველობა, სმენა და წონასწორობის დაცვის უნარი, ნაკლებად - გემოს შეგრძნება. მათი საბგერი აპარატი (ქვედა ხორხი ანუ სირინქსი) მაღალგანვითარებულია. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევიან მგალობელი ბეღურასნაირები და სხვა.
ფრინველების ცხოვრებაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს სრულყოფილ სმენას, მაგ., ბუსნაირები სიბნელეშიც ადვილად აგნებენ ნადავლს, გუახარო და სალანგანები ბნელ გამოქვაბულებში ორიენტაციას იღებენ ექოლოკაციის საშუალებით. ფრინველების სიცოცხლის ხანგრძლივობა ტყვეობასა და ბუნებრივ პირობებში განსხვავებულია. ტყვეობაში წვრილი ფრინველები ცოცხლობენ 15-20 წელს, ვარდისფერი ვარხვი - 52, კაკადუ - 56, ზარნაშო - 70, ბუნებაში კი მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა ბევრად ნაკლებია. თანამედროვე ფრინველები დაჯგუფებულია 28 რიგად. ზოგი ავტორი ფრინველებს ყოფს 40 რიგად. თანამედროვე 8616 სახეობის ფრინველებიდან 5 ათასზე მეტი ბეღურასნაირია. საქართველოში ორნითოფაუნაში რეგისტრირებულია 350 სახეობა, აქედან მობინადრე და ბიბუდარია 210-მდე. გარემო პირობების - ტიპობრივი ადგილსამყოფელების შემცირებამ და მათმა გაჭუჭყიანებამ, ანთროპოზიგენიზაციამ გამოიწვია მთელი რიგი სახეობების მოსპობა ან გადაშენება. იშვიათი და ამოწყდომის საფრთხის წინაშე მდგარი ფრინველები შეტანილი არიან საერთაოშორისო და საქართველოს "წითელ წიგნში".

ძუძუმწოვრები

ძუძუმწოვრები (Mammalia), ცხოველების კლასი ხერხემლიანების ქვეტიპისა. მათი სხეულის სიგრძე 1,5 სმ-იდან (ფუღუ) - 33 მ-ზე მეტია (ლურჯი ვეშაპი), შესაბამისად მასა - 1,5 გ-იდან, 190 ტ აღწევს. ჩვეულებრივ წაგრძელებული სხეული აქვთ, 5-5-თითიან 4 კიდურზე დაყრდნობილი. ზოგს (ცხენებსა და სხვა) ნაკლები თითი აქვს. ხელფრთიანების კიდურები ფრთებადაა გადაქცეული, ხოლო ფარფლფეხიანებისა - ფარფლებად. ცხოვრების ნირის შესაბამისად, ძუძუმწოვრებს თევზისებური სხეული აქვს, უკანა კიდურები არ გააჩნია. კანი ბალნით აქვთ დაფარული. ვეშაპებს, ბეჰემოთს და ზოგ სხვა ძუძუმწოვრებს ბალნიანი საფარველი მეორეულად რედუცირებული აქვს. კანის წარმონაქმნებია ბრჭყალი, ჩლიქი, ფრჩხილი, რქა, ქერცლი და სხვა. ძუძუმწოვრებს აქვთ მუშკის, თებოს, ოფლისა და სხვა ჯირკვლები. მნიშვნელოვანია სარძევე კირკვლები, რომელთა სეკრეტით დედა კვებავს თავის ნაშიერებს.